სიახლეები

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილე შეუსრულდა
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილე შეუსრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და უნივერსიტეტის კანცლერმა, ალექსანდრე ბუაჩიძემ, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს.

რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალბატონი ეთერის უმნიშვნელოვანეს ღვაწლზე და მის გამორჩეულ როლზე, საქართველოში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგების განვითარებაში. პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა იუბილარს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ეთერ ქემერტელიძე საქართველოში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგების ერთ-ერთ ფუძემდებლადაა აღიარებული. ის არის მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი. მისი სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლასთან. აკადემიკოსის ხელმძღვანელობით და მისი კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი.

ეთერ ქემერტელიძეს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. აკადემიკოსი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. მათ შორის, იგი შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენაზე და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.

ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქიტურად განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალ თაობებს გადასცემს.