გარდაიცვალა პროფესორი გი ბალანსარი (Guy Balansard) - მარსელის უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, საქართველოს ფარმაცევტული მეცნიერების დიდი მეგობარი და გულშემატკივარი.
პროფესორ გი ბალანსართან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა თანამშრომლობა 1997 წელს დაიწყეს. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, 1997–2005 წლებში ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა და თსსუ-ის ფარმაცევტულმა ფაკულტეტმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ ევროპულ სამეცნიერო პროგრამაში, მათ შორის NATO-ს, INTAS-ისა და ECONET-ის პროგრამებში.
ამ პროგრამების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოცზე მეტ ახალგაზრდა ფარმაცევტ მეცნიერს მიეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გაევლო მარსელისა და საფრანგეთის სხვა სამეცნიერო ცენტრებში. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოქვეყნდა არაერთი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, ქართველმა და ფრანგმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში. პროფესორ ბალანსარის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ფრანგი მეცნიერები არაერთხელ ეწვივნენ საქართველოს და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების წინაშე სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ.
მისი უშუალო მონაწილეობით, საქართველოს მეცნიერებისთვის უმძიმეს წლებში, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი უზრუნველყოფილი იყო აუცილებელი რეაქტივებით, თანამედროვე აპარატურითა და სამეცნიერო ლიტერატურით.
პროფესორ გი ბალანსარის ღვაწლი მხოლოდ სამეცნიერო თანამშრომლობით არ შემოიფარგლებოდა. იგი იყო ადამიანი, რომლისთვისაც საქართველოსა და ქართველი მეცნიერების მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო. მისი გასაოცარი კაცთმოყვარეობა, საქართველოსადმი სიყვარული და ამაგი, მაღალი პროფესიონალიზმი და ადამიანური სითბო სამუდამოდ დარჩება ქართველი კოლეგებისა და მოწაფეების მეხსიერებაში.
საქართველოს ფარმაცევტ მეცნიერთა სახელით ღრმა მწუხარებასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პროფესორ გი ბალანსარის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

