სიახლეები

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება დოვლეტმირატ სეიტმამედოვი. ელჩთან ერთად ინსტიტუტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესტუმრა. 

სტუმრებს ინსტიტუტში უმასპინძლეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, უნივერსიტეტის კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ გეთიამ და ინსტიტუტის ოპერაციულმა დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებმაც სტუმრებს მიმდინარე კვლევითი პროექტები და მიღწევები გააცნეს. 

ვიზიტის ფარგლებში ელჩს დეტალურად გააცნეს ინსტიტუტის მრავალწლიანი ისტორია, მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები და თანამედროვე მიღწევები. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს კვლევითი დეპარტამენტები და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც გაეცნენ მიმდინარე კვლევით პროცესებს, გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა იმსჯელეს ფარმაკოქიმიის მიმართულებით ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებზე, გამოცდილების გაზიარებაზე და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს, ისე თურქმენეთის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. 

თურქმენეთის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტის საქმიანობას და განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. საუბარი შეეხო როგორც ფარმაცევტულ პრეპარატებს, ასევე ბუნებრივი წარმოშობის ბიოაქტიურ ნივთიერებებსა და მცენარეულ ბიო ზეთებს, რომლებიც ინსტიტუტში მიმდინარე მრავალწლიანი კვლევების შედეგია.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუმრებს ინსტიტუტის მიერ წარმოებული პროდუქცია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.